2005 წლის შემდეგ, წელს კიდევ მომეცა თუშეთში ასვლის საშუალება. 31 ივლისს, ილია უჯირაულთან ერთად თუშეთობის დღესასწაულზე ომალოში ავედი. ამდენი ხალხი ერთად თავმოყრილი მე თუშეთში აქამდე არ მენახა. თუშების გარდა, ძალიან ბევრი იყო ამოსული საქართველოს სხვა რეგიონებიდან, იყვნენ ასევე უცხოელი ტურისტებიც. როგორც სჩანს, თუშეთისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება როგორც ქართველებში, ასევე უცხოელებშიც, რაც ჩემი აზრით ფრიად მისასლმებელი და სასიხარულო ტენდენციაა. ომალოში აშენებულია რამოდენიმე საკმაოდ კომფორტული სასტუმრო, ასევე დისლოცირებულია ბუნების დაცვის სამსახური(ე.წ. “რეინჯერები”), რომელთა წარმომადგენლებიც მგზავრისადმი ყოველნაირი დახმარებისათვის მზად არიან. მოკლედ, თუშეთში დიდი სასიკეთო ძვრები შევამჩნიე, უპირველეს ყოვლისა ის, რომ როგორც სჩანს, თუშეთის ბუნების დაცვას სერიოზული პატრონი გამოუჩნდა და პასუხისმგებლობითაც ეკიდება ამ მისიას.
იმავე დღეს დავადექით წოვათისკენ მიმავალ გზას, მეორე დღეს წოვათობა(დადალობა) უნდა ყოფილიყო. ჯვარბოსლიდან წოვათამდე სამანქანო გზა თავისუფალი არ იყო, ამიტომ დარჩენილი რამოდენიმე კილომეტრი ფეხით მოგვიხდა წასვლა. დამამახსოვრდა ერთი ახალგაზრდა თუში, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ვაჟი მოჰყავდა წოვათაში, მათგან უმცროსი ალბათ 6-7 წლის თუ იქნებოდა, რთული გზისა და დაღლილობის მიუხედავად ყოჩაღად იარა უფროსების მხარდამხარ. სოფელ წაროში თვალში მომხვდა გზის ზემოთ მდგარი ციხე, რომელსაც ერთი კიდე ქვემოდან ჰქონდა ჩამოშლილი, ასევე ვნახე კიდემონგრეული სათავსო. აშკარაა, რომ გზის გაყვანისას საჭირო სიფრთხილე ვერ დაიცვეს აქ. საუკუნოვანი ციხეების ამგვარად დაზიანება ფრიად სამწუხარო და უპასუხისმგებლო ამბავი მგონია. ამ ციხის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება, თუ არა, ალბათ ორიოდე ზამთარში ჩამოიქცევა. საავტომობილო გზის შუა სოფელზე გაყვანა, მე ვფიქრობ არ იყო კარგი იდეა, ალბათ აჯობებდა, რომ გზა მოპირდაპირე (ტყის) მხარეს გაეყვანათ, სადაც ეროზიას ასეთი დიდი მასშტაბი არ ექნებოდა.
წოვათობა(დადალობა) კარგად ჩატარდა, მასპინძლები(შულტები) იყვნენ ბიჭო არინდაული, გია ყიზილაშვილი და გელა შორთიშვილი, რომელთაც კარგად გაართვეს თავი ყველაფერს. დღესასწაულს რამოდენიმე უცხოელიც ესწრებოდა, მათგან ზოგი პირველად არ იყო წოვათაში და ქართულადაც საკმაოდ კარგად მეტყველებდა. სუფრასთან დაჯდომამდე აირჩიეს მომავალი სამი წლის შულტები. 2011 წლის მასპინძლები არიან აბო აკოფაშვილი, ირაკლი ვეშაგურიძე და ზურა არინდაული(ანუ მე). დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს თავს არ შევირცხვენთ და სხვაზე ნაკლებად არ ვუმასპინძლებთ ჩვენს ხალხს.
ბოლო წლებში წოვათაში ცხვარი ნაკლებად იდგა, რასაც ერთი დადებითი შედეგი მოჰყვა: გარშემო ფერდობებზე ახალგაზრდა არყის ხეები იზრდება ნელა და თუ ასე გაგრძელდება, მოკლე ხანში ალბათ ტყე მოიკიდებს ფეხს. სხვათაშორის წოვათაში ტყე ადრეც ყოფილა, ამაზე მიუთითებენ იქ ნაპოვნი ხეების ნაშთები. როგორც ამბობენ, თუშებმა ტყე თავადვე გაკაფეს, რათა შემოსული მტერი ადვილად შეემჩნიათ. ამჯერად რამოდენიმე ცხვრისა და ძროხის მეპატრონე დადის ზაფხულობით წოვათაში. სამწუხაროდ ყოველთვის ვერ ხერხდება ციხეების საქონლისაგან იზოლირება, შედეგად მრავალსაუკუნოვანი ციხე დროდადრო ბოსლის ფუნქციას ასრულებს ხოლმე.
ამ ტურის ამსახველი ფოტოები სურათების გალერეაში მოკლე ხანში განთავსდება.